პროკურატურამ ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორებზე თავდამსხმელს ბრალი წარუდგინა.
დავით ველიჯანაშვილს გამოძიება პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას და დევნას ედავება.
ფორმულას ჟურნალისტს, ნანო ჩაკვეტაძეს და ორ ოპერატორს ველიჯანაშვილი თავს მაშინ დაესხა, როცა ისინი ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში რესპონდენტს წერდნენ.
მიზეზი სწორედ მათი ტელეკომპანია ფორმულაში მუშაობა გახდა. ველიჯანაშვილმა ჟურნალისტს და ოპერატორებს შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართა, აგინა, ფიზიკური ანგარიშსწორებითა და გასროლით დაემუქრა და ასე მოსთხოვა პროფესიული საქმიანობის, კერძოდ, ინტერვიუს ჩაწერის შეწყვეტა და ბარის დატოვება.
მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პარალელურად, დავით ველიჯანაშვილმა სამივე ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.
პროკურატურა წერს, რომ "დავით ველიჯანაშვილმა ძალადობითა და ძალადობის მუქარით, ტელეკომპანია ფორმულასა და მისი ჟურნალისტების მიმართ ნეგატიური შეხედულების გამო განახორციელა მათი დევნა და ხელი შეუშალა ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში".
დავით ველიჯანაშვილი 18 მარტს დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილითა და 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ველიჯანაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.